ვიტალი საფაროვის ოჯახი მკვლელობის მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს
ვიტალი საფაროვის ოჯახი და მათი ადვოკატი მკვლელობის მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.
„პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნა მიიღო. დაკავებულია 2 პიროვნება 109-ე, ჯგუფური მუხლით. მესამე მონაწილეს აქვს მოწმის სტატუსი. ვაკვირდებით, რომ საქმე სხდომებზე სხვა მიმართულებით არ წავიდეს. ჩვენი მოთხოვნაა, ყველა მონაწილე დაისაჯოს“, – განაცხადა ვიტალი საფაროვის დედამ, მარინა ალანაკიანმა.
ადვოკატი ეკა ქობესაშვილი პროკურატურის საქმიანობას დადებითად აფასებს, რადგან საქმეს მიეცა ჯგუფური კვალიფიკაცია. მისივე თქმით, დაცვის მხარემ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები წარუდგინა.
„ამ მხრივ, შეიძლება, დადებითად გამოვეხმაუროთ პროკურატურის საქმიანობას, რომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ბრალდებულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – საქმეს მოსამართლე განიხილავს, თუ ნაფიც მსაჯულებს გადაეცემათ განსახილველად“, – განაცხადა ადვოკატმა.
25 წლის უფლებადამცველი – ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს.