ვაკის რაიონში ახალი ტიპის ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სრულიად ახალი ტიპის – Street Workout-ის ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტული მოედნების ე.წ. ფიტნესზონების მოწყობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N15 კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსთან სრულდება.
რბილ საფარზე სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.
მსგავსი მოედანი, ასევე, წყნეთში ეწყობა; ახლო მომავალში კი კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ემ ემ-ი“ აწარმოებს.
აღნიშნული ტრენაჟორების გარდა, მიმდინარე წელს ვაკის რაიონში ხუთი ფიტნესზონა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი დაიხარჯა.