ლევან გოგიჩაიშვილი ონლაინ-აზარტულ თამაშებზე: მოვაქციოთ ეს თავზეხელაღებული ბიზნესი ჩარჩოებში

“მოვაქციოთ ეს თავზეხელაღებული ბიზნესი ჩარჩოებში, რომ ჩვენი მოსახლეობა – ახალგაზრდები, არასრულწლოვნები, ამ მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ონლაინ-აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თამაშებთან დაკავშირებით საგანგაშო სტატისტიკა არსებობს და ის ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
„მოვაქციოთ ეს თავზეხელაღებული ბიზნესი ჩარჩოებში, რომ ჩვენი მოსახლეობა – ახალგაზრდები, არასრულწლოვნები, დავიცვათ ამ მავნე ზეგავლენისგან. გვაქვს ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა. ასევე, იცით, რომ იმ 600 ათას ადამიანში, რომელზეც ვალის ჩამოწერა მოხდა, უხეში დათვლით, დაახლოებით, 40% იყო იმ ადამიანების წილი, რომლებსაც სესხები ჰქონდათ აღებული ონლაინკაზინოების გამო. კანონპროექტი არის გამზადებული, შეთანხმებული. არსებობდა პრემიერის სიტყვა, რომ ეს კანონპროექტი შემოვიდოდა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ჩატარებული კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეების 48 %-ს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან – ამის შესახებ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუგა ბესელიამ მედიას ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.
„ჩატარებული კვლევის შედეგები საკმაოდ მძიმეა: მოზარდების, სკოლის მოსწავლეების 48 %-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს 18 წლამდე მოზარდებისთვის აზარტულ თამაშებთან შეხებას.
დეტალურად გაგაცნობთ შედეგებს: გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა მოზარდმა მიიღო, საიდანაც 55 % იყო ბიჭი, ხოლო 45 % – გოგო. გამოკითხულები იყვნენ 14 -დან 18 წლამდე მოზარდები. ტენდენცია ისეთია, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება თამაშებზე დამოკიდებულება.
რაც შეეხება სარეკლამო არხს, თუ საიდან იღებენ ისინი ონლაინსამორინეების შესახებ ინფორმაციას – ამ მიმართულებით, ლიდერობს ინტერნეტრეკლამა 75 %-ით. რთულად არის წარმოდგენილი ბილბორდების თემაც იმიტომ, რომ არსებობს მრავალი სკოლა, რომლის ტერიტორიაზე, ან მიმდებარე ტერიტორიაზე არის ონლაინსამორინეების რეკლამა, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები