განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა. პროგრამის მიზანია, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.
როგორც “კვირას” განათლების საერთაშორისო ცენტრიდან აცნობეს, პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.
“ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით, სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება, იყოს არანაკლებ 5 დღისა და არაუმეტეს 3 თვის ვადის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება.
კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული ინსტიტუციური თანადაფინანსების შესახებ. პროგრამა არ ითვალისწინებს ნებისმიერი არასტანდარტული, მათ შორის – სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული, ე.წ. “Executive” პროგრამების დაფინანსებას.
განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა წარმოებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/ ატვირთვის
ზით.
საკონკურსო ვადაა – 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე).
კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2019 წლის 30 ივნისამდე.
საკონკურსო პროცესისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://iec.gov.ge/4358”, – ნათქვამია განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები