“მმართველ გუნდს ან საერთოდ არ აინტერესებს ვენეციის კომისიის აზრი, ან არ აქვს მოლოდინი, რომ კომისია მოიწონებს კანონპროექტს“

“როგორც ჩანს, მმართველ უმრავლესობას ან საერთოდ არ აინტერესებს ვენეციის კომისიის აზრი და, უბრალოდ, ფორმალურად უდგება ამ საკითხს, ან არ აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია მოიწონებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც კანონპროექტშია ჩადებული”, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია, სასამართლო სისტემაში მოხვდნენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სასამართლოში გაბატონებულ “კლანს” სურს.
„არ შეიძლება, არ აღინიშნოს გაოცება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა უმრავლესობამ მოიწვია ვენეციის კომისია ამ კანონპროექტზე ექპერტიზის ჩასატარებლად და დასკვნის გასაკეთებლად, თავიდანაც არ დაელოდა ვენეციის კომისიის დელეგაციის ჩამოსვლას, ისე მიიღო კანონპროექტი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე.
მმართველი უმრავლესობა ისევ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და გუშინ, წამყვან კომიტეტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ჩატარდა კანონპროექტის მეორე მოსმენა. ჩვენ მოვუწოდებდით კომიტეტის ხელმძღვანელობას, რომ გადაედო ამ საკითხის განხილვა იქამდე, სანამ არ დაიდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნა იმიტომ, რომ თუ გვაინტერესებს ვენეციის კომისიის აზრი, ბუნებრივია, ჯერ ეს აზრი უნდა მოვისმინოთ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ დაელოდნენ. ეს მრავლისმეტყველი ფაქტია. როგორც ჩანს, მმართველ უმრავლესობას ან საერთოდ არ აინტერესებს ვენეციის კომისიის აზრი და, უბრალოდ, ფორმალურად უდგება ამ საკითხს, ან არ აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია მოიწონებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც კანონპროექტშია ჩადებული. კანონპროექტის პრინციპები კი, რბილად რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნებს აჩენს, რომ არ ვთქვათ, რომ ეს, უბრალოდ, ძალიან ცუდი კანონპროექტია. მისი მიზანი ერთადერთია, რომ სისტემის გარედან არავინ მოხვდეს სასამართლო სისტემაში და, მეორე მხრივ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოხვდნენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც სურს, რომ იხილოს სასამართლოში გაბატონებულ “კლანს“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კომიტეტში 9 მომხრე ჰყავდა, 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კანონპროექტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში, მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა, საკუთარი პირობის მიუხედავად, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე ჩანიშნა.
„ხვალისთვის ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები