ნუნუ შარიქაძის ოჯახს უკიდურესად უჭირს – მას ცალი ფეხი მოკვეთილი აქვს

64 წლის ნუნუ შარიქაძეს დიაბეტი აწუხებს. ორი თვის წინ, მას ცალი ფეხი მოკვეთეს, ხოლო მეორე – ჩირქოვანი წყლულებით დაიფარა. ახლა ხანდაზმული ქალბატონი საწოლსაა მიჯაჭვული.
როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, ნუნუ შარიქაძის გვერდით კიდევ ერთი საწოლსმიჯაჭვული ადამიანი, მისი მეუღლე, 72 წლის ფრიდონი წევს. 8 წლის წინ, მან ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ვერ გადაადგილდება, არ შეუძლია ლაპარაკი, უჭირს ყლაპვა და საშინლად იტანჯება.
ფონდის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ ნუნუ შარიქაძეს უარი უთხრა ინსულინით მომარაგებაზე და აჭიანურებს ავადმყოფი ქალის სახელმწიფო პროგრამაში ჩასმას.
“ჩერნოვეცკის ფონდი” ნუნუ შარიქაძეს გაესაუბრა.
-როგორ მოხვდით თბილისში?
-ზესტაფონის რაიონში ვცხოვრობდით. 20 წლის წინ, გავყიდეთ იქ სახლი და გადმოვედით თბილისში. ავაშენეთ ბარაკის ტიპის სახლი, სადაც დღემდე ვცხოვრობთ. საცხოვრებელი ცუდ მდგომარეობაშია და ყოველ წუთს შეიძლება, ჭერი ჩამოიქცეს. გვეგონა, რომ დედაქალაქში ავაწყობდით ცხოვრებას, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ჩემი მეუღლე პროფესიით მძღოლია, როგორც იტყვიან, 2 კაპიკს შოულობდა, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი მძიმე სენით დაავადდა.
-თქვენ როდის დაგისვეს დიაბეტის დიაგნოზი?
-რამდენიმე წლის წინ, ნერვიულობის ნიადაგზე…
-შვილები გყავთ?
-ერთი ბიჭი მყავს. იგი ახლა 46 წლისაა. სამსახური ვერსად იშოვა. ხანდახან, გამოჩნდება ხოლმე ერთდღიანი სამუშაო – ან რამეა დასანგრევი, ან გადასატანი, მეტი არაფერი…
-ოჯახი ჰყავს?
-დიახ. უფროსი გოგო 3 წლისაა, ხოლო მეორე – 9 თვის. იგი დღენაკლული დაიბადა და დღემდე საავადმყოფოში წევს.
-რა არის თქვენი შემოსავალი?
-პენსია და სოციალური შემწეობა – ეს არის ჩვენი შემოსავალი. ამ ფულით მედიკამენტსა და ელემენტარულ საკვებს ვყიდულობთ.
-ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოს როდის მიმართეთ ინსულინის თაობაზე?
-3 კვირის წინ იყო ჩემი რძალი მისული. უთხრეს, რომ დამატებით რაღაც დოკუმენტები არისო შესაგროვებელი. არ მესმის, რატომ აჭიანურებენ და მაწვალებენ…
-ვინ გეხმარებათ?
-“ჩერნოვეცკის ფონდის” გარდა, არავინ გვეხმარება. ჩვენ ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე ვართ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
დიდი მადლობა. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ღმერთს ვთხოვ, რომ კარგად ამყოფოს კეთილი ადამიანები! ახლა მთელი ჩემი გონება ავადმყოფი შვილიშვილისკენაა მიმართული… ვოცნებობ ნორმალურ საცხოვრებელზე, ჩემი შვილის ოჯახის ბედნიერებაზე…
მეგობრებო, ნუნუ შარიქაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. მის ოჯახს უკიდურესად უჭირს. მოდით, გავუწოდოთ მას და მის მეუღლეს დახმარების ხელი, ვანუგეშოთ და ვაჩუქოთ მომავლის იმედი!
თქვენ შეგიძლიათ, მათ დახმარება აღმოუჩინოთ და თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე:

GE15TB7194336080100003, ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუნუ შარიქაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: https://l.facebook.com/l.php?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები