„გორდას“ 7 წევრს, მათ შორის 5 ბავშვს, ისრაელიდან საქართველოში “აირზენას” რეისით დააბრუნებენ

ისრაელის აეროპორტის საიმიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებულ ანსამბლ „გორდას“ 5 არასრულწლოვანსა და 2 მშობელს საქართველოში დააბრუნებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, 7 მოქალაქე საქართველოში დღეს, “აირზენას” რეისით 21:30 სთ-ზე გამოფრინდება.
„ისრაელში საქართველოს კონსული, საიმიგრაციო სამსახურთან ერთად, მოქალაქეებსა და ბავშვებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბავშვებსა და კიდევ ორი მშობელს დღეს საქართველოში დააბრუნებენ. მათი ბილეთები ისრაელის მხარემ შეიძინა. ჩვენი თხოვნით, ჩართული იყო საქართველოს ავიახაზები. დღეს, “აირზენას” რეისით 21:30 სთ-ზე, გამოფრინდებიან საქართველოში. ამის შესახებ ოჯახის წევრები ინფორმირებული არიან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ “გორდას” 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი – 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები