შრიფტების კონკურსი „ქართული – ა” იწყება

შრიფტების კონკურსი „ქართული – ა” მეორედ ჩატარდება.
როგორც „კვირას“ თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, პროექტი, რომელიც “თიბისი ბანკისა” და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის ფარგლებს გარეთ.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.
კონკურსზე რეგისტრაცია 1-ელი მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება.
დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებგვერდზე – Georgiana.ge. გამარჯვებულებს კონკურსის ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ.
· ლაკონიური – ა (ლაკონიური, ადვილად კითხვადი შრიფტი );
· აკადემიური – ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);
· მხატვრული – ა (მხატვრული შრიფტი);
· გაკრული – ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);
· ფუტურისტული – ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)
· ტექნიკური – ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);
· ადაპტირებული – ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);
· რეგულარლი ა.
კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეუძლია, თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ.
გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაეცემათ.
კერძოდ, პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი – 1000 ლარით.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – Georgiana.ge. „ქართული – ა” ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც “თიბისი ბანკის” ინიციატივით, პროექტის „წერექართულად“ ფარგლებში ხორციელდება.
“მაიკროსოფტთან” ერთად, უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს პროექტი „ქართულად”, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, “თიბისის” მხარდაჭერით, გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. პროექტის “წერექართულად” ეგიდით მიმდინარე თითოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა; მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ის ბარბარიზმებისგან.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები