“როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს” – რებრენდინგის შემდეგ ლუდი “ზედაზენი” ახალ კამპანიას იწყებს

სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ მის პორტფელიოში არსებული ფლაგმანი ბრენდის – ლუდი „ზედაზენის“ რებრენდინგი განახორციელა.
2019 წლის აპრილში 7 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც “ზედაზენი” პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ბრენდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მომხმარებლისთვის წარედგინათ განახლებული „ზედაზენი“ – ახალი შეფუთვითა და კამპანიით: „როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“.
როგორც “კვირას” კომპანია “ზედაზენიდან” აცნობეს, ბრენდის განახლებულ დიზაინზე იანა პოლევანსკაიამ იმუშავა, ხოლო კამპანიაზე “ფორმულა კრეატივმა” იზრუნა. მნიშვნელოვანია ის, რომ იანა პოლევანსკაია და „ფორმულა კრეატივის“ გუნდის წევრები ის ადამიანები არიან, რომლებმაც „ზედაზენის“ პირველი დიზაინი და სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნეს. ამის გათვალისწინებით, 7 წლის შემდეგ, ამავე ბრენდის შეფუთვაზე მუშაობა მათთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო.
“გახსნის დღიდან ჩვენი მოწოდება არის, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომლითაც საქართველო იამაყებს. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, ქართული უნიკალური წყალი და მთელი კომპანიის ერთიანი სულისკვეთება ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენს პორტფელში 15-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის – რამდენიმე საერთაშორისო დონის – “ბავარია”, “ჰოლსტენი”, “რაგნარი”. ჩვენი კომპანიის მთავარი ბრენდი “ზედაზენია”. ის არის პირველი ბრენდი, რომლითაც შევედით ბაზარზე და დავიმსახურეთ მომხმარებლების ნდობა”, – განაცხადა მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, შალვა ჩოჩელმა.
ლუდის რებრენდინგთან ერთად, “ქართული ლუდის კომპანიამ” განსხვავებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის წარმოება გადაწყვიტა.
“ზედაზენი” საქართველოს გულშემატკივარია. ამ კამპანიით ჩვენ ვამბობთ: იმისათვის, რომ ერთმანეთს ვუგულშემატკივროთ, ერთმანეთი გავახაროთ და გავაბედნიეროთ, აუცილებელია რწმენა – რწმენა იმისა, რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს! ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს”, – აღნიშნა შალვა ჩოჩელმა.
“ქართული ლუდის კომპანიის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით,
“ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ არა “ზედაზენის”, არამედ – მთლიანი ინდუსტრიის სახელით და პოპულარიზაციას ვუწევთ არა მარტო ქართული ლუდის სექტორს, არამედ – მთლიანად ქართულ ნაწარმს.
არსებობს მოსაზრება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამება ანალოგიური პროდუქტების ხარისხს ევროპული ქვეყნებიდან, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ჩვენ ვზრუნავთ ლუდის ბაზრის იმიჯზე და ვცდილობთ, რომ ქართველ მომხმარებელს, რომელსაც მაღალი მოლოდინები აქვს ადგილობრივი ლუდსახარშებისგან, გავუმართლოთ ეს იმედები”, – განაცხადა “ქართული ლუდის კომპანიის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები