„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი ოფიციალურად გახდა

„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი ოფიციალურად გახდა.
“მკურნალი.ჯი” ესაუბრა კურორტის მთავარ ექიმს – ნანა გვიშიანსა და მარკეტინგისა და პიარის სამასხურის ხელმძღანელს, სალომე ბიბილაშვილს.
“მდებარეობა, მთისა და ზღვის ჰაერის შერწყმა, ბუნებრივი ტემპერატურის უნიკალური რადონული წყლის არსებობა ანიჭებს ჩვენს კურორტს „განუმეორებლის“ სახელს.
წყალტუბოს მინერალური წყლის მაღალხარისხოვნების მაჩვენებელია ბუნებრივი ოპტიმალური ტემპერატურის მუდმივობა, რაც ხელს უწყობს აბაზანების ადვილად ამტანიანობას. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან შედის თვითდინებით, ტუმბოების გამოყენების გარეშე. მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება, რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკურ-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებას და, ტემპერატურას შედეგად, ადამიანი იმყოფება მუდმივად ახალ წყალში. ამასთან, აღსანიშნია, რომ წყალტუბოს მინერალური წყალი არ არის აგრესიული და ადვილად ასატანია ნებისმიერი ასაკის პაციენტისათვის. აქედან გამომდინარე, კურორტზე მკურნალობა შეუძლიათ ადამიანებს 4 წლიდან და ზემოთ – ასაკის შეუზღუდავად.
რადონი და მისი დაშლის პროდუქტები მაღლა სწევს ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენა-რეგენერაციას (ჭრილობებისა და დამწვრობების შემდეგ), აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული სედატიური (დამამშვიდებელი) ეფექტი, ააქტიურებს კოგნიტურ ფუნქციებს.
წყალტუბო წარმოადგენს არასეზონურ კურორტს და იგი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში (დასვენების დღეების გარეშე).
წყალტუბოს მინერალური-რადონული წყალი გამოიყენება შემდეგ დაავადებების სამკურნალოდ:
– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ართროზები, ართრიტები, დისკოგენური რადიკულიტები და სხვა.);
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (პოსტინფარქტული მდგომარეობა, შუნტირების შემდგომი პერიოდი, ჰიპერტენზია და სხვა);
– ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევროზი, ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნევრიტი და ნეიროპათიები და სხვა) ;
– გინეკოლოგიური დაავადებები (ანთებითი პროცესები, უნაყოფობა და სხვა);
– უროლოგიური დაავადებები (ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია);
– კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა);
– ენდოკრინული სისტემის დაავადებები (დიფუზური ჩიყვი, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი ფორმები და სხვა).
აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ, შემუშავებული გვაქვს შესაბამისი სამკურნალო პროგრამები, რომლებიც ინიშნება ინდივიდურად – პაციენტის საერთო მდგომარეობისა და დიაგნოზის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროგრამებში გამოიყენება ჩვენთან არსებული 15 სხვადასხვა სახის სამკურნალო პროცედურა.
აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ დღეისათვის წყალტუბოში ჩამოსულ დამსვენებელთა 80%-ს შეადგენს არა უბრალოდ გაჯანსაღების, არამედ, უშუალოდ, მკურნალობის მსურველი ადამიანები.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ავადმყოფთა თანამედროვე რეაბილიტაციის პირობებში დიდი როლი ენიჭება არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდებს, ხოლო ამ მეთოდებში წამყვანი როლი უკავია ბალნეოლოგიას, კერძოდ კი – რადონოთერაპიას.
ცნობილია, რომ მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად, ათიათასობით ადამიანი იღუპება მედიკამენტოზური პრეპარატების გვერდითი ეფექტების გამო და რადონოთერაპია არის აღნიშნული პრობლემის ღირსეული ალტერნატივა.
იყო დრო, როცა ევროპული ელიტის წარმომადგენლებისთვის პრესტიჟულად მიიჩნეოდა ”წყლებზე მკურნალობა”. დღეისათვის მთელს მსოფლიოში აშკარაა ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობისკენ დაბრუნების ტენდენცია.
შესაბამისად, კურორტი წყალტუბო საუკეთესო ბაზაა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით მაღალეფექტური მკურნალობისთვის, გათვალისწინებით მინერალური წყლის მაღალი დებიტისა, მუდმივი ტემპერატურისა, ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობისა. აქედან გამომდინარე, რადონოთერაპია ბევრად უფრო იაფია, ვიდრე – ტრადიციული კლინიკური მედიცინა.
კურორტზე მუშაობს მაღალკვალიფივიურ სამედიცინო პერსონალთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ ცოდნა და გამოცდილება, მიაწოდონ ინფორმაცია ვიზიტორს იმ დაავადებებთა შესახებ, რომელთა მკურნალობაც ნაჩვენებია ჩვენს კურორტზე”, – ამბობს ნანა გვიშიანი.
სალომე ბობილაშვილის თქმით კი, მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყო საბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც დღეს უკვე ოფიციალური წევრობა მიენიჭა.
„შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო, მინიმუმ, 100 წლის, წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე მე-8 – მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით. შესაბამისად, ჩვენ დიდი სიამაყით წარვდექით ჟიურისა და შემფასებლების წინაშე. დღეს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანისა და ენდოკრინულ დაავადებებს“, – აცხადებს სალომე ბიბილაშვილი.

კომპლექსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.balneoresort.ge ; ხოლო სასტუმროს შესახებ – www.prometheus.ge
წყარო: მკურნალი.ჯი.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები