“დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებაა”

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია თავდაცვის უწყების დისრედიტაცია წარმატებული რეფორმებისა და მიღწევების ფონზე“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

ლევან იზორიას განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით –  თავდაცვის ძალების მიმართ, ნდობის ხარისხის შემცირებიკენ არის მიმართული.
„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში, ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატოსთან მიმართებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში და როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, ის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც დღითიდღე საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული იმისკენ, რომ ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში და ამას ცდილობენ მართალია, უშედეგოდ, მაგრამ უსუსურად, ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა:

„საუბარი იყო, თითქოსდა, იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ, რაც არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ, ასევე, აშშ-ის საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს ყოველივე იწვევს მართლაც დიდ აღშფოთებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დეზინფორმაციის სხვა ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება:
„ახლახან მქონდა პარლამენტში შესაძლებლობა, მემხილა აღნიშნული ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში. როდესაც საუბარი იყო, რომ, თითქოს, ჯარი რჩება ხორცის გარეშე და, თითქოს, ჯარი არ არის შესაბამისი უნიფორმით ჩაცმული, არ არის შესაბამისი სტანდარტების ბათინკები და ა.შ. არ ჩამოვთვლი იმ ნუსხას დეზინფორმაციებისა, რომელიც მე მესმის ყოველ კვირას, ჩვენი უწყების მიმართ. მინდა, აღვნიშნო ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი ამბობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომაზე; მათ შორის, საქართველოს მიმართ. ეს დეზინფორამციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს. პირადად მე, ხელისუფლება, ქართველ ხალხთან ერთად, რომლის უმრავლესობის მისწრაფებაა დასავლეთში ინტეგრაცია, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხადებებისა და დეზინფორმაციების გავრცელების საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ მხოლოდ ფაქტებით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები