ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს – დაკავებულია ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი – 2000 წელს დაბადებული ე.ბ. დააკავეს.
დაკავებული ე.ბ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.