მაჭარაშვილი – უკრაინის ომთან დაკავშირებით: ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფრთხილი კურსი მიზანმიმართულად იყო გაკრიტიკებული, თუმცა, დღეს მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა სწორი იყო
„მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია, ევროპარლამენტარები, ევრობიუროკრატია, ასევე ადგილობრივი „ნაცმოძრაობისა“ და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები გვიწუნებდნენ პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში უკეთესი მდგომარეობა იყო”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ფრთხილი კურსი მიზანმიმართულად იყო გაკრიტიკებული, “თუმცა, დღეს მოვლენების განვითარება აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა სწორი იყო”.
“ამერიკის მაშინდელი ელჩი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ უნდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც უკრაინა, და აცხადებდა, რომ უკრაინაში მეტი დემოკრატიაა, ვიდრე საქართველოში. თითქოს უკრაინას კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭეს, რომ ისინი ასრულებდნენ ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველო კი — არა.
ოთხი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ისმოდა, რომ უკრაინა ყველა პარამეტრით უსწრებდა საქართველოს. დღეს კი ვხედავთ რეალურ სურათს: უკრაინაში, სამწუხაროდ, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ეკონომიკა დანგრეულია და მომავალი ბუნდოვანია. რას ეუბნებით საქართველოს მოსახლეობას — რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო?“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.