სასაზღვრო პოლიციამ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ა.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ო.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

“ასევე, დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებული ა.ო. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები ტარდება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები