“საქართველოს ბანკმა” მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

“საქართველოს ბანკმა” 12-13 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა.
როგორც “კვირას” “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, სტუმრები ბანკის ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. მათ პირველი საფინანსო ინსტიტუტის „საკრედიტო საზოგადოების“ შენობა მოინახულეს, რომელიც “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.
„მოხარული ვარ, რომ “საქართველოს ბანკმა” World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. ეს ადამიანები გლობალურ ლიდერებად დასახელებულნი არიან ნოვატორული საქმიანობისთვის, პრობლემების მიმართ არაორდინარული მიდგომებისა და გადაჭრის გზების დანერგვისთვის. მათი მისიაა, ააგონ ხიდები მსოფლიოში სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებს შორის, ააგონ თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობები. ყოველივე ეს კი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკის ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის, სწორედ ასეთი ტიპის მსოფლიო ლიდერებს გააცნოს და გაუზიაროს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები“, – განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
“საქართველოს ბანკმა” მასპინძლობისას World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო. სტუმრებმა სხვადასხვა სექტორში არსებული მიღწევები მოისმინეს, მათ შორის, ღვინის სექტორში მიმდინარე სიახლეები, რომლებიც სტუმრებს “საქართველოს ბანკის” შვილობილმა კომპანია, Galt&Taggart-მა მიაწოდა.
Young Global Leaders-ი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა, რათა მსოფლიო გამოწვევებისთვის ეპასუხა. Young Global Leaders-ის წევრები მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაერო-ს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები არიან.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები