თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი ჩატარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი პროცესი 16 აპრილს, 12:00 საათზე ჩატარდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ინფორმაციით, პროცესამდე, 10:30 საათზე, სასამართლოს ეზოში გაიმართება მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად.
მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მკვლელობის საქმეზე, ამ დროისთვის, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, მოწმეთა ჩვენებები და სოციალურ ქსელებში ბრალდებულების პროფილები ბადებს ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.
„ჩართულობის და განვითარების ცენტრი“ მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის მომავალი და უსაფრთხო ქალაქი – შევიკრიბოთ სასამართლოს ეზოში და ყველამ ერთად ვუთხრათ არა რასიზმს, ქსენოფობიასა და ძალადობას!
ვიტალი საფაროვი, 25 წლის უფლებადამცველი, 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ბარ „ვარშავას“ (პუშკინის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ქართული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ უფლებადამცველი სწორედ იმ დაჯგუფების წარმომადგენლების მსხვერპლი გახდა, რომლებიც საზოგადოებაში აღვივებენ რასიზმსა და ქსენოფობიას.
უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე, ამ დროისთვის, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელებში ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ამ უკანასკნელს არ უარყოფენ თავად დაკავებულებიც. ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრალდებული უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში, იგი სცემდა მსხვერპლს და ურტყამდა “კასტეტს”, რითაც გამოიხატება დანაშაულში მისი აქტიური მონაწილეობა.
წარმოდგენილი დაკავებულის მსგავსად მკვლელობაში, ასევე, მონაწილეობას იღებდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი პირი, რომელიც ამ ეტაპამდე არ არის დაკავებული და საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, ახალგაზრდა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკების ორგანიზებაში და მონაწილეობდა რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ პროექტში და იყო ებრაული თემის აქტივისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები