“დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება”

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. მან 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესისინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.
„დაუშვებელია მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყების მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება. მსგავსი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც, ამავდროულად, ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ”, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ 1 სუბიექტთან მიმართებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება არ ხდება.
„მიგვაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომასა და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას”, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები