ბექა ოდიშარია: “დედაენის დღე”განსაკუთრებით მინდა მივულოცო ადამიანებს, რომელთაც კარლის უნივერსიტეტში ქართული კულტურისა და ქართული ენის ისტორიის შემსწავლელი ორი კურსი გახსნეს

“დედაენის დღე”განსაკუთრებით მინდა მივულოცო ადამიანებს, რომელთაც აგერ უკვე 4 წელიწადზე მეტია, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს, 1348 წელს დაარსებულ კარლის უნივერსიტეტში მოახერხეს და გახსნეს ქართული კულტურისა და ქართული ენის ისტორიის შემსწავლელი ორი კურსი”, -ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, პირველს უძღვება მაია დარჩია, მეორეს კი ლელა ჟორჟოლიანი-ლიკლიკაძე.
“ჩვენთვის ყველა ადამიანი, ვინც ქართული ენისა და ქართული საქმის სადარაჯოზეა, ერთნაირად მნიშვნელოვანია და მათი საქმიანობა, პირობას ვდებ, ჯეროვნად დაფასდება კიდეც, თუმცა ამ ორი ქალბატონის მიღწევები, ვფიქრობ, მართლაც გამოსარჩევი და განსაკუთრებულია. ამ პატრიოტი ადამიანებისა და მოვლენის მიმართ მე გავამახვილე ყურადღება, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციისას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან საქმიანი შეხვედრისას და განათლების მინისტრთან საუბრისას, რა დროსაც, შემიძლია ვთქვა, შემდგარია სრული კონსენსუსი იმ იდეის გარშემო, რომ ასეთი ადამიანები ჩვენი დროის გმირები გახლავან. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო, უმოკლეს დროში, ღირსეულად შეაფასებს მათ ღვაწლს.
აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურის ისტორიისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი, როგორც ორი საგანი, თავისი საკრედიტო სისტემით, ოფიციალურად შევიდა კარლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების სწავლების პროგრამაში. უფრო მეტიც, უნივერსიტეტის მხრიდან ჩეხეთის განათლების სამინისტროში გაიგზავნა კავკასიოლოგიის კათედრის აკრედიტაციის მოთხოვნა, რაც კიდევ უფრო დიდ პერსპექტივას აჩენს ჩვენი ენისა და კულტურის არა მხოლოდ პოპულარიზაციის, არამედ აკადემიურ დონეზე სწავლების თვალსაზრისით.
ვინაიდან კათედრა ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის გახსნილი, ოთხი წელიწადია, ორივე პედაგოგი ამ საქმეს უძღვება ენთუზიაზმით. ისინი, თავიანთი ხარჯებით, ადგენენ პროგრამებს, აგროვებენ და თარგმნიან საჭირო ლიტერატურას, თავად ქმნიან სწავლების თეორიულ თუ პრაქტიკულ მასალას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს ჩეხურ ენაზე, ხოლო ამ ენაზე ჯერჯერობით არ არსებობს ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი აკადემიური სახელმძღვანელო (ეს სახელმძღვანელო შექმნის პროცესშია). ამიტომ ჩვენს პედაგოგებს უწევთ ერთგვარი კომბინაციის გაკეთება სხვადასხვა ინგლისურენოვანი წიგნებიდან, ელექტრონული სწავლების საიტებიდან, რასაც ემატება მათ მიერვე უკვე დაწერილი და თავად კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანატის მიერ დამტკიცებული ვრცელი სასწავლო პროგრამები: ქართული კულტურისა და ლიტერატურის შემსწავლელი ერთი აკადემიური კურსისთვის, რომელსაც უძღვება ქალბატონია დარჩია და ქართული ენის შემსწავლელი ორი კურსისთვის – A1 და A2 დონე, რომელსაც უძღვება ქალბატონი ჟორჟოლიანი-ლიკლიკაძე.
მართალია, ეს ორი საგანი, კავკასიოლოგიის კათედრის გახსნამდე, ჯერჯერობით არჩევით საგნებად რჩება აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების კათედრაზე და არ შედის სავალდებულო საგანთა ჩამონათვალში, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის იმას, რომ მსურველთა რაოდენობამ, ქართული კულტურისა და ენის შესწავლის მსურველ უცხოელ სტუდენტთა რიცხვმა წლიდან წლამდე კი არ დაიკლოს, არამედ, პირიქით, მოიმატოს. მეტიც, შარშან რამდენიმე უცხოელმა სტუდენტმა, ქართული ენის კურსის მოსმენის შემდეგ, გაცვლით პროგრამაშიც მოინდომა მონაწილეობის მიღება და ისინი კარლის უნივერსიტეტიდან თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გაიგზავნენ და იქ გააგრძელეს სწავლა, კავკასიოლოგიის განხრით. ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს იმ საქმეს მნიშვნელობასა და ღირსებას, რასაც ემსახურება ქართული ენისა და კულტურის სწავლება ჩეხეთის საუკეთესო უნივერსიტეტში.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კარლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო ტოპუნივერსიტეტების სიაში შედის, მაშინ კიდევ უფრო ცხადი გახდება ამ მოვლენის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის”, -წერს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები