დღეს დედაენის დღე აღინიშნება

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. აღნიშნული დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება. მაშინ ქართულმა ინტელიგენციამ, საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან ერთად, მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რათა ხელი შეეშალათ სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, საქართველოში შეიძლებოდა, გაუქმებულიყო.
აღსანიშნავია, რომ “მცირე ენების” გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მაშინ მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.
თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებათა კვირეული იგეგმება. კვირეული თსუ-ს პირველი კორპუსის ცენტრალურ ფოიეში 14:00 საათზე გაიხსნება. თბილისის მერიის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, 13:00 საათიდან, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო კუთხე, 17:00 საათზე კი გაიმართება ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33ა“ კონცერტი.
20:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობასთან 3D ინსტალაციის – “ქართული ხელნაწერები” ჩვენება იგეგმება. ასევე, გაიხსნება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენა – „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“.
თსუ-ში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეთა, სტუდენტთა და მასწავლებელთა დაჯილდოება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები