წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერი მანუჩარ ჩხეტია, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა, საქმეზე ვიდეომასალის მტკიცცებულების სახით დართვის შესახებ და მისი გადაწყვეტილებით, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სარეზოლუციო ნაწილზე 19 აპრილს იმსჯელებს.
როგორც ბრალდებული აცხადებს, მოსამართლე ობიექტური იყო და მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს. „სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, რადგანაც მე წარდგენილ ბრალში დანაშაული არ მიმიძღვის. ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ, ზონდერპოლიციელმა უკანონოდ დამაკავა. მე დაკავებისას წინააღმდეგობა არ გამიწევია პოლიციელებისთვის და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. მე მაქვს ობიექტური სასამართლოს მოლოდინი“, – განცხადა ჩხეტიამ.
შსს-მ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები გუშინ საღამოს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. დაკავებულებს შორის იყვნენ გიორგი პატარაია და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ანა წითლიძე, თუმცა, მათ პოლიციის სამმართველოს შენობა გამოკითხვის შემდეგ მალევე დატოვეს. ანა წითლიძის და გიორგი პატარაიას საქმის განხილვა ზუგდიდის სასამართლოში 18 აპრილსაა ჩანიშნული.