ლევან იზორია: საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ (ფოტოკოლაჟი)

საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა, დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს.

ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბ-ბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ხორვატიამ სურვილი გამოთქვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთან ინტენსიური თანამშორმლობა გააგრძელოს.

ნატო-ს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ოცეულის გაწევრიანების მზადყოფნის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არის პოზიტიური და 2020 წლიდან უკვე ჩვენ, მათ შორის სამხედრო პოლიციის ფორმატში, ნატო-სთან ერთად სხვადასხვა მისიაში, სწავლებაში მონაწილეობას მივიღებთ, რაც კიდევ ერთხელ არის ჩვენი შესაძლებლობების აღიარება და ჩვენი შესაძლებლობების ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბ-ბინაში ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს – კაპიტან მიხეილ შენგელაიასა და ლეიტენანტ ნათია ჟორჟოლიანსაც გაესაუბრა, რომელიც ხორვატიაში ინგლისური ენის კურსზე იმყოფებიან.

ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენასაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები