ჰაროლდ ეპინეზი: სასამართლო რეფორმების პოზიტიური შედეგები საფუძველია მოდერნიზაციის ახალი ტალღისათვის

ფრანგი მეცნიერი და მკვლევარი ჰაროლდ ეპინეზი 2013-2017 წლებში განხორციელებული ქართული მართლმსაჯულების რეფორმების კვლევის შედეგებს წარადგენს, რომელსაც იუსტიციის სამინისტო ავრცელებს.
“ჰაროლდ ეპინეზი ექსპერტების საერთაშორისო ქსელი Amicus Curiae-ს აღმასრულებელი დირექტორი და სამართლის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის პროგრამის დირექტორია.

რა შედეგები მოიტანა სასამართლო რეფორმის სამმა ტალღამ და რა მიმართულებით არის საჭირო შემდგომი ცვლილებები სასამართლოში − ამ ჭრილში იქნა განხილული IPSOS France-ს, Amicus Curiae-სა და პროფესორ იან ვან დაიკის კვლევის შედეგები, რომლის ძირითადი ნაწილის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა.

ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტის დასკვნები ასეთია:

გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა ის პოზიტიური გავლენა, რაც საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა მოახდინა მართლმსაჯულებაზე. პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ 2013-2017 წლებში ჩატარებული სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა;

სასამართლოსთან უშუალო შეხების შემდეგ მოქალაქეს მისი დამოუკიდებლობის მიმართ აზრი უკეთესობისაკენ ეცვლება, რაც მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის ხარისხის მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ არსებობს სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუმჯობესების შესაძლებლობა;

სასამართლოს მომხმარებელთა − მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა − აზრი რიგ საკითხებში განსხვავებულია, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას ყველა ჯგუფი დადებითად აფასებს;

საქმეების ელექტრონულად გადანაწილების პრინციპს სასამართლო განხილვების მიუკერძოებლობის ხელშემწყობად მიიჩნევს მოსამართლეთა 78%; პროკურორთა 88% და ადვოკატთა 52%;

მოსამართლეთა მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი შეფასება და საკუთარი სტატუსისა და პოზიციის პოზიტიური აღქმა ასახავს მთავრობის მიერ მართლმსაჯულების სიტემის რეფორმაში ჩადებულ ძალისხმევას და „უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობისათვის“;

მოსამართლეთა 75%-ზე მეტის აზრით,  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, აგრეთვე, სასამართლოს მენეჯმენტი, პატივს სცემს სასამართლოსა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას; მედიისა და სოციალური ქსელების მხრიდან მათი დამოუკიდებლობის პატივისცემაში ეჭვი ეპარება 54%-ს, რაც, ანალიზის ავტორთა მოსაზრებით, წარმოქმნის მედიის როლის დაზუსტების საჭიროებას  სასამართლო პროცესების გაშუქებისას;

სასამართლოს სერვისების მომხმარებელთაგან ყველაზე კრიტიკული შემფასებლებიც კი − ადვოკატები, აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მათი როლი სამართალწარმოების პროცესში გაიზარდა, მათი 89% კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმით და რეფორმაზე მუშაობის პროცესში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობით.

პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო საქმიანი წრეების (ბიზნესის) წარმომადგენლების გამოკითხვისას გამოვლენილ ტენდენციებსაც. კერძოდ, გამოიკვეთა შემდეგი:

სასამართლო აღარ წარმოადგენს ბიზნესზე ზეწოლის იარაღს, რასაც წინა წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა;

პრობლემად რჩება სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა, რასაც ხშირად  ახლავს ფინანსური სახსრების ყადაღა; ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე; აგრეთვე, მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი, განსაკუთრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში;

მკვლევრის შეფასებით, სასამართლო რეფორმების პოზიტიური შედეგები შეიძლება იყოს მოდერნიზაციის ახალი ტალღის საფუძველი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ელექტრონული მომსახურების სისტემის გაფართოება სასამართლოში − ციფრული მომსახურების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში პლურალიზმის წახალისება; ბიზნესისათვის დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი და სანდო მექანიზმის დანერგვა და სხვა, რაც არის კიდეც ინიცირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ (არბიტრაჟის განვითარება, მედიაციის განვითარება) კვლევის − „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“ (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი) შედეგების პრეზენტაცია 2019 წლის თებერვალში გაიმართა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა  „IPSOS France“-მ, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა შემდეგი:

საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც  52%-ია;

სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს;

პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი. ადვოკატთა 57%-ის აზრით,  სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%);

საქმეების ელექტრონულად განაწილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება პოზიტიურად შეფასდა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ;

სასამართლოთი მოსარგებლეთა ფიზიკური და იურიდიული პირების უმრავლესობამ, ასევე, პოზიტიურად შეაფასა თავისი გამოცდილება, მაგალითად, სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისა და ღიაობის კუთხით,   ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის და უფასო იურიდიული დახმარების ნაწილში.

რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებები:

რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;

მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;

მოსახლეობის აზრით, სამი მთავარი ფაქტორი − თუ როგორია საქართველოში სასამართლო, არის შემდეგი: ნელი (67%); ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%) და საკმარისად მკაცრი დამნაშავეთა მიმართ (57%);

დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება 55%;

რესპონდენტთა 41% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა;

რესპონდენტთა თითქმის იდენტური რაოდენობა როგორც ეთანხმება (42%), ისე არ ეთანხმება (45%) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულნი არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისათვის სასჯელის შეფარდებისას;

რესპონდენტთა 56% აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეები სასჯელის შეფარდებისას მათზე უფრო მკაცრები არიან;

ხუთიდან სამ რესპონდენტზე მეტს სმენია საქართველოში 2013 წლის შემდეგ განხორციელებული შემდეგი რეფორმების შესახებ: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა (68%), მოსამართლეების უვადო დანიშვნა (65%), მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა (65%); ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (64%), სასამართლო სხდომების საჯაროობა (61%);

სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას;

სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე;

სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 47%-ის აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა;

სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლეობის 46%-ის აზრით, დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39%-ის აზრით, საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში;

რესპონდენტთა ერთი მესამედი (35%) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე;

რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85%) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები