უცხო ენების საგამოცდო ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება

„წელს უცხო ენების ტესტის მაქსიმალური ქულა, 90-ის ნაცვლად, 80 იქნება“, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წელს უცხო ენების ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება.

“წელს უცხო ენების ტესტში ცვლილება არის ძალიან მინიმალური. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ, შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ, სასურველია, შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ – ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორებიც არის წერის დავალებები. ტესტში წერის ორი დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე.
მაქსიმალური ქულა უცხო ენებში 80 იქნება, შესაბამისად, გამსვლელმა ზღვარმაც დაიკლო”, – განაცხადა ტყემალაძემ.

ტყემალაძის განმარტებით, ტესტით შემოწმდება ისეთი ცოდნა, როგორიცაა დროების სწორი გამოყენება და ძირითადი გრამატიკული კატეგორიები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დრო 2 საათი და 30 წუთი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები