თბილისის ქუჩებში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
ამ წუთებში, ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარეობს. მძღოლები სიგნალებით გადაადგილდებიან.
ტაქსის მძღოლები ახალი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ. თუმცა, აცხადებენ, რომ ისინი რეგულაციების ამოქმედებას, ნაწილობრივ, ეთანხმებიან, მაგრამ მანქანების თეთრად გადაღებვა არ სურთ.
ცნობისათვის, ტაქსის მძღოლების აქცია აგრარულ უნივერსიტეტთან დაიწყო. აქციას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შეუერთდა.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ, აქციის დასრულების შემდეგ, გაიმართება კონსულტაციები საინიციატივო ჯგუფთან იმისთვის, რომ დაიწყოს პერმანენტული, მჯდომიარე პროტესტი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასა და პარლამენტთან.
„ვგეგმავთ სიგნალებით მსვლელობას ამ ქვეყნის მთავარი უბედურებისა და ტრაგედიის ავტორის, ივანიშვილის სასახლისკენ და, შემდგომ უკვე, საინიციატივო ჯგუფთან ტაქსისტები დავილაპარაკებთ იმაზე, რომ დაიწყოს პერმანენტული აქციები პარლამენტის წინ და, ასევე – ივანიშვილის სასახლესთან მჯდომაარე აქციები განუსაზღვრელი ვადით, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. სანამ ხელისუფლება არ ცვლის თავის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს, ის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს არის სწორი კანონი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.