„13 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია“, – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების მიერ მომზადებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს.
მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვა ფორმალურია.
“ამ საკითხზე პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ იმ პროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ, რომელიც წარადგინეს. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალებაა. სხვა მხრივ, თავად ეკა ბესელიამ – როგორც იურისტმა, კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე – არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.
გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.