“თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც პარლამენტში იყო და რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გუნდიდან ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის საკითხს.
მისივე განმარტებით, შაქარიშვილის წასვლა მოულოდნელი არც ყოფილა იქედან გამომდინარე, რომ მისი “ფეისბუქსტატუსები” ამაზე მიანიშნებდა.
“ჩვენ არაერთი “ფეისბუქსტატუსი” ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და, რამდენიმე თვის წინაც კი, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა “ქართულ ოცნებაში”. აქედან გამომდინარე, აქ ახალი არაფერი არის და არც თქვენ მიერ დაანონსებული ამბავი არის პერსპექტიული, რომ ეს “ქართული ოცნების” რღვევის პროცესია.
გულწრფელი რომ ვიყო, შემიძლია, გითხრათ, რომ ქვეყანაში მართლაც არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის – მწვავე გამოწვევებიც, შეიძლება ასე ითქვას. ამ პრობლემებისა და გამოწვევების ადეკვატური ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ნაბიჯებზე ვზრუნავთ, ვფიქრობთ. “ქართული ოცნება” ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ გამოწვევების ადეკვატური იყოს, პრობლემის აღმოფხვრასა და ხალხის გაჭირვებაზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ამის გადაჭრის გზები არ არის პოპულისტური გამონათქვამები, პოპულისტური ნაბიჯები. ამის გადაჭრის გზები არის რეალური საქმე. ჩვენ, მაგალითად, გუშინ სრული ისტერიკა მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციური ფლანგის შესრულებით, რომელიც არ იყო ადეკვატური იმ საუბრებთან, რაც გუშინწინ ჩვენი ლიდერის ინტერვიუში იყო. ეს იყო ისტერიკა, რომელიც მწარე სიმართლით იყო გამოწვეული. პარტიის თავმჯდომარის, ლიდერის მხრიდან შემოთავაზებული იყო არა ლანძღვა-გინება და ისტერიკა, არამედ – საქმეზე ორიენტირება”, – განაცხადა მდინარაძემ.