ირაკლი კობახიძე: ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი კანონმდებლობა

“​საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამოქმედებულია ეფექტური სამედიცინო გაფრთხილების პროგრამის ვალდებულებაც.

​„2017 წელს პარლამენტმა საკანონმდებლო რეფორმა გაახორციელა, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავდა კანონმდებლობაში, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, ასევე, სხვა რიგ კანონებში. ამ ახალი რეგულაციების ძირითადი დებულებები ამოქმედდა 2018 წლის პირველი მაისიდან. რეგულაციებმა განაპირობა დახურული სივრცის გათავისუფლება თამბაქოს მავნებლობისგან, თამბაქოს რეკლამის სპონსორობისგან და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა. მოგვიანებით, ამოქმედდა ეფექტიანი სამედიცინო გაფრთხილების პროგრამის ვალდებულება.

​საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი – 96-პროცენტიანი მაჩვენებელი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც, გაერო-ს განვითარების პროგრამის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევა შეფასდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შედეგებმა აჩვენა, რომ ეს რეფორმა მომავალი 15 წლის განმავლობაში იხსნის 53 000 ადამიანს ნაადრევი სიკვდილისგან და ქვეყანას თავიდან ააცილებს 3,6 მილიარდი ლარის ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგს.
„ჩვენი პარლამენტი მზად არის, გაგიზიაროთ წარმატებული გამოცდილება, რამაც ეს შედეგები განაპირობა. თავის მხრივ, შედეგები განაპირობა რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა. პირველი – უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური ნება, რომ არა მმართველი ძალის პოლიტიკური ნება, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური რეფორმის გახორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მეორე – ეს იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა რეფორმის გახორციელებაში. ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ხელისუფლების სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები, ფართო საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რეფორმის გახორციელებას ხელი შეუწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ.
„ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა, კერძოდ, შემუშავებულია სტრატეგია „საქართველო 2020“. ეს არის მრავალდარგობრივი, მულტისექტორული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფორუმზე.
ცნობისათვის, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ თბილისში მეორე დღეა, მიმდინარეობს.
ფორუმი ორგანიზებულია „FCTC 2030” პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, როგორც პარტნიორი და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში, თოთხმეტი პროექტის პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები