შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ცხრაწყაროს მოსახლეობას შეხვდა
შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყო. ცხრაწყაროს ადმინისტაციულ ერთეულში გოგლიჩიძე ზემო კვალითისა და ძლოურდანეთის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივებმა კანდიდატს თავიანთი საჭიროებები გააცნეს.
“სოფელი ცხრაწყარო რთული რელიეფისაა და მოსახლეობის პრიორიტეტს მისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს, რაზეც აქ, ძირითადად, იყო საუბარი. მაისში ჩვენ აქ ბეტონის საფარის დაგებას დავიწყებთ. ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას, მათი პრიორიტეტები იყოს გათვალისწინებული. მე იმედი მაქვს მათი აქტიურობის არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ – მის შემდეგაც”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
მერობის კანდიდატს ადგილობრივებმა მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებაც სთხოვეს.
“ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს არ აქვს მაწანწალა ძაღლების თავშესაფარი, არც რაიმე პროექტი არსებობს, თუმცა, მუშაობის პროცესში ამ პრობლემის გადაჭრაც შეიძლება. ამ და ყველა მათი პრობლემის მოგვარება 19 მაისს მათი არჩევანის გაკეთებაზე იქნება დამოკიდებული. მე მჯერა მათი აქტივობისა”, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს გიორგი გოგლიჩიძემ.