ტყიბულში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ტყიბულში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ტყიბულის მუნიციპალიეტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მოქალაქეებთან ერთად, 9 აპრილის პარკში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
პარკში, ასევე, მოეწო 9 აპრილის ამსახველი ფოტოების გამოფენა, გაიხსენეს ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიები, გაიმართა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციებით დატვირთული ღონისძიება, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდები იყვნენ ჩართული.
„მადლობა თავისუფლებისათვის“ – ამ სიტყვებით დაიწო მუნიციპალიტეტის მერმა სიტყვით გამოსვლა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობას.
1989 წლის 4 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გმოსვლები 9 აპრილს სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლისას, დაიღუპა 21 მოქალაქე, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანება და ინტოქსიკაცია მიიღო ასობით ადამიანმა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა, როგორც დიდი ტრაგედიისა და, ამავდროულად, დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ვინაიდან, ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.