ახალციხის მერიასა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერმა, ზაზა მელიქიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ მოაწერეს.
შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით და, განსაკუთრებით, საჯარო სამსახურის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ მომავალში მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად ჩაერთვება სტუდენტური ინიციატივებისა და პროექტების გახორციელებაში, გაგრძელდება წარჩინებულ სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა, მოეწყობა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა სახის დისკუსია აქტუალურ საკითხებზე, წახალისებული იქნება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა. ერთობლივად მოხდება კულტურული, ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებების, ასევე, საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები მერიის სისტემაში სტაჟირების გავლას შეძლებენ.
„ახალციხეში, როგორც საზღვრისპირა რეგიონში, უნივერსიტეტის არსებობას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ერთობლივი ძალებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აქ პროფესიონალი და მოტივირებული ადგილობრივი კადრების მომზადებასთან ერთად, მათ ხელშეწყობაზეც ვიზრუნოთ. ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, შემდგომში, აუცილებლად გამოადგებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს“, – აღნიშნა ზაზა მელიქიძემ.
უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა დადებითად შეაფასა და აქცენტი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში უნივერსიტეტის დანიშნულებაზე გააკეთა.
ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას მერის პირველი მოადგილე – გურამ მელიქიძე, მოადგილე – რუბენ კარაპეტიანი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე – მერაბ ბერიძე, კულტურის სამსახურის უფროსი – ზაზა თამარაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი – მალხაზ ლომსაძე ესწრებოდნენ.