არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძის მოსმენასთან დაკავშირებით გამართული დებატები შეაჯამა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ორი დღის განმავლობაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენასთან დაკავშირებით გამართული დებატები შეაჯამა.
„კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს საზოგადოებას განვუმარტო – დიახ, ოპოზიციის მხრიდან, მას ჰქონდა მოწვევა კომიტეტის სხდომაზე და დიახ, შემდგომში იგი წარსდგა პლენარულ სხდომაზე, ძირითადად, იმ მიზეზის გამო, რომ არამხოლოდ იმ კომიტეტის წევრებსა და დეპუტატებს, არამედ ყველა კოლეგას აინტერესებდა ინფორმაცია და პასუხები კითხვებზე, რომლებიც ამ საკითხების გარშემო არსებობს. ყველა სხვა ინტერპრეტაცია და გადათარგმნა ამ საკითხისა, ეს არის ოპოზიციის ინტერესები და ჩვენ გვესმის, ისინი რატომ ცდილობენ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ პლენარული სხდომის ფორმატისა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის მხრიდან ახალი საბანკო რეგულაციების კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა.
“აღნიშნული რეგულაციები მიღებული იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების არგუმენტით და რა მივიღეთ ჩვენ შედეგად – 600 ათასი ადამიანი იმის გამო, რომ დაკრედიტებას სჭირდებოდა დარეგულირება, პრაქტიკულად, ვერც დაკრედიტებით სარგებლობდნენ, ვერც საცალო სესხებს ვერ იღებდნენ და, მეტწილად, გამოთიშულნი იყვნენ ეკონომიკურ პროცესს.
შემდეგი შედეგი არის ის, რომ 600 ათასი ადამიანი იმ რეგულაციების პირობებში ნამდვილად იყო გასული ისეთ დავალიანებებში, რომელთა ადმინისტრირება ვეღარ ხერხდებოდა.
ეს იყო პრობლემა, ერთი მხრივ, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტებისთვის, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ე.წ. შავ სიაში იყვნენ შეტანილნი და ამის გამო მთელი რიგი შეზღუდვები ჰქონდათ.
თუ ეს ყოველივე პრობლემა არ იყო, მაშინ ის 600 ათასი ადამიანი როგორ აღმოჩნდა ამის წინაშე? თუ ეს საკითხი არ იყო დასარეგულირებელი, მაშინ რატომ დაგროვდა მოქალაქეებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის დავალიანება. ეს არის კონკრეტული შედეგები და ისიც კონკრეტულია შედეგია, რომ დღეს დაკრედიტების პროცესი არის უფრო პასუხისმგებლიანი და ყველა მხარეს უფრო მეტად აზღვევს რისკებისგან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა საბანკო რეგულაციებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც განმარტა და მასში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზეზებზე ისაუბრა.
„შეცვლაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გარკვეული გზავნილი გააჟღერა, ფინანსთა მინისტრის განცხადებაც ვნახეთ და ვფიქრობ, რომ ის შედეგები, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ რეგულაციებით, ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალში გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული ტენდენციების გათვალისწინებით ის ცვლილებები, რომლებიც საჭირო იქნება, გახორციელდეს. ამას ჩვენ ვამბობთ ახლა, როდესაც კვარტლის შედეგები შევაჯამეთ და ის ძირითადი მიზნები მიღწეულია. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო – იპოთეკური სესხების გაცემა არათუ შემცირდა, გაზრდილია ამ მონაცემებით. საბანკო კრედიტებზე განაკვეთები შემცირებულია, რაც იყო მოქალაქეთა ინტერესში, „შავი სიიდან“, დაახლოებით, 600 ათასი ადამიანია მოხსნილი, რაც უდავოდ პოზიტიური შედეგია“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ეროვნულ ბანკსა და ოპოზიციას შორის გამართული პოლემიკა შეაფასა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არცერთი პროფესიული და იურიდიული არგუმენტი გაჟღერებულა.
მისივე თქმით, ოპონენტი კოლეგების მიერ არ დასმულა არცერთი შეკითხვა ინტერაქციებზე, გადაწყვეტილებებსა და მის კანონიერებაზე.
„ერთი შეკითხვა მაინც იყო დასმული თქვენი მხრიდან?! არც ერთი შეკითხვა მის კანონიერებასთან დაკავშირებით დასმული არ ყოფილა, განსაკუთრებით “თიბისი ბანკთან” მიმართებით. ყველა თქვენი არგუმენტი, ყველა შეფასება, რაც აქ გაჟღერდა, იყო მხოლოდ პოლიტიკური და, რა თქმა უნდა, ეს თქვენი დღის წესრიგიდან ამოდიოდა. ახლა უკვე გასაგებია ყველასათვის, რატომ ინერვიულეთ პლენარული სხდომის დაწყების წინ და რატომ გინდოდათ, რომ კომიტეტის საკითხით გადაგეფარათ ეს პლენარული სხდომა. ამაზე პასუხი მარტივია. თქვენ გქონდათ არცერთი პროფესიული არგუმენტი, არცერთი იურიდიული არგუმენტი ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ზუსტად ამისთვის იყო ეს მოკლე შოუ მოწყობილი, რომელიც თქვენი მხრიდან სხდომის გახსნის დროს წარმოადგინეთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მომხსენებელი, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, დღეს მიმდინარე რიგგარეშე სხდომა არის არალეგიტიმური.
„საოცარი განცხადება მოვისმინე – რომ ეს სხდომა არალეგიტიმურია, ოღონდ ეს განაცხადეთ მაშინ, როდესაც ოფიციალურად თქვენი ფრაქციის სახელით გამოხვედით აი, ამ ტრიბუნიდან, ანუ პროცედურით ისარგებლეთ, რომელზეც თქვენ ამბობდით, რომ არ არის ლეგიტიმური. თუ რაღაცით სარგებლობ და იმას იყენებთ, მაშინ იმის არალეგიტიმურობაზე საუბარი არის სრულიად ცარიელი სიტყვები. რეგისტრაცია გაიარეთ და მერე ალაპარაკდით ლეგიტიმაციაზე, ჩემთვის ესეც გაუგებარი და არათანმიმდევრულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა.
„ეკონომიკა იზრდება. საქართველოს აქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ნამდვილად გვჭირდება მეტი და ეს რაზეა დამოკიდებული, ყველამ კარგად იცის. ეს არის საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაზე, საგარეო ფაქტორებზე და პრაქტიკულად ყველაფერი კეთდება ამისათვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განმარტებით, იმიტომ, რომ იზრდებოდა ეკონომიკა და ამ ზრდას საფინანსო საბანკო სექტორში ასწრებდა დაკრედიტება და ვალების გაცემა, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს რეგულაციები.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ენერგეტიკაში როგორც გენერაციის, ასევე, ელექტროსადგურების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდა არის.
„21 ახალი ელექტროსადგური არის აშენებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში. თქვენ მხოლოდ ერთი ასეთი ააშენეთ, ერთადერთი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„წვრილი ბიზნესი და საშუალო ბიზნესის გადასახადები ჩვენ დავწიეთ და შევამცირეთ ერთ პროცენტამდე. ბრუნვის ლიმიტი გავზარდეთ. ბიზნესის კეთების რეიტინგი საქართველოს აქვს გაუმჯობესებული. ჯამურად, ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესს აქვს რეალური ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, თქვენი კრიტიკა აქაც არის დაუსაბუთებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, კონსოლიდირებული შესყიდვებით სახელმწიფომ 2018 წელს დაზოგა და ეკონომია გაუწია 45 მილიონ ლარს, რომელიც ნებისმიერი რეგიონისთვის, მინიმუმ, 10 მნიშვნელოვანი პროექტია. არჩილ თალაკვაძე ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძესაც მიმართა:
„ბატონო რომან, თქვენ შთამბეჭდავი გეგმები და ინიციატივები წარმოადგინეთ წინა სხდომაზე. მაგრამ ერთი რამ მიკვირს ამ გამოსვლაში – თუ ასეთი კარგი ხედვა გქონდათ, თუ თქვენი თანაგუნდელები ასე გიჭერდნენ მხარს და დარწმუნებული იყვნენ ამ გეგმების პროგრესულობაში, მაშინ რატომ მოგთხოვეს პოზიციის დატოვება და რატომ ჩაგანაცვლეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე, მართლაც გაუგებარია. თუ ამას კარგად აგვიხსნით, არ გამოვრიცხავთ, რომ ამაზე საუბარი გავაგრძელოთ კიდევ მომავალში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება, რეალობიდან იყო გამომდინარე.
„მიზნები იყო საჯარო ინტერესის საგანი. ეს მიზნები დღეს, მეტწილად, მიღწეულია, რაც უკვე გზას გვიხსნის ჩვენ ახალი, საჭირო, პრაგმატული გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.