პრემიერმა და არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით გასახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირების პროცესის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული რეალობა და გამოწვევები იყო. საუბრისას, ასევე, განიხილეს ადამიანის უფლებების საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით გასახორციელებელი ღონისძიებები.
მამუკა ბახტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საბჭოს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით თავისი ხედვა გააცნო. შეხვედრისას, ასევე, იმსჯელეს ადამიანის უფლებების საბჭოს მომავალი სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. შედგა შეთანხმება, რომ საბჭოს მომავალი სხდომა აპრილის ბოლომდე გაიმართება.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებების საბჭო 2014 წელს შეიქმნა და მის მთავარ ამოცანას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გახორციელება წარმოადგენს. ამასთან, საბჭო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს. საბჭოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ხოლო მის მუშაობაში, სახელმწიფო უწყებების გარდა, ჩართული არიან საქართველოს სახალხო დამცველი, საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლების, ასევე – არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.