გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ ჩამორჩა თანამედროვე მოთხოვნებს და ისტორიაში იმ სისხლიან ლაქას ვერ მოიშორებს, რაც აქვს
„რეალურად, პოლიტიკურ ბრძოლას მნიშვნელოვანწილად ეროვნული ინტერესები შეეწირა მაშინ, როცა გაერთიანება გვმართებდა პრაგმატული მოსაზრებებისა და სტრატეგიული გეგმების გარშემო“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილს, სადაც მან ქვეყნის უახლესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი შეაფასა.
გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციაზე დაყრდნობით ბევრი გადაწყვეტილებაა მიღებული.
„რეალურად, პოლიტიკურ ბრძოლას მნიშვნელოვანწილად ეროვნული ინტერესები შეეწირა მაშინ, როცა გაერთიანება გვმართებდა პრაგმატული მოსაზრებებისა და სტრატეგიული გეგმების გარშემო. ბიძინა ივანიშვილი ამაზე წერს და ვფიქრობ, რომ 26 მაისის ავტორებს, რომლებიც პოლიტიკურ მიზნებს დაექვემდებარნენ და ადამიანების მიმართ სისასტიკე ჩაიდინეს, ამ საკითხზე ხმამაღალი საუბრის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და იმდენად ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდა, რომ საერთაშორისო შეფასებებშიც კი დავწინაურდით, მათ შორის, ევროპის ფორმატში. ეს საკმარისი არ არის, ეკონომიკა, სოციალური ჩამორჩენა საკმაოდ მძიმე ტვირთად მოგვყვება და, ამ თვალსაზრისით, მემკვიდრეობაც საკმაოდ რთულია. ამ მდგომარეობას გაერთიანება და ხედვა სჭირდება, თუმცა – არა ემოციური, არამედ პრაგმატული.
პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ვერასდროს დასრულდება და ეს დემოკრატიის მთავარი ნიშანია, მაგრამ რასაც ბიძინა ივანიშვილი გულისხმობს, ეს არის ხელოვნური და მოგონილი დაპირისპირება მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკური გამორჩენა და უპირატესობა მოიპოვონ კარიერისთვის. საუბარი ასეთი სახის დაპირისპირებაზეა, რაც განვითარებულ დემოკრატიებს დიდი ხანია, აღარ ახასიათებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩა თანამედროვე მოთხოვნებს და ისტორიაში იმ სისხლიან ლაქას ვერ მოიშორებს, რაც აქვს. ბევრი პირი დაისაჯა, მაგრამ იმ მოქალაქეებზე უნდა ვიფიქროთ, ვისაც ისეთი პოლიტიკური გემოვნება არ აქვს, რომ მხარი დაუჭირონ ან „ქართულ ოცნებას“, ან „ნაციონალურ მოძრაობას“, ან „ევროპულ საქართველოს“, ან მხარს უჭერენ სხვა ოპოზიციურ ძალას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ
ხელისუფლებაში მყოფი ძალა პასუხისმგებელია თითოეულ მოქალაქეზე, მაგრამ პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ დავარქმევ კონსტრუქციული, ევროპული ყაიდის ძალას, რადგან მიზნები და ამოცანები გადართულია რევანშზე, რასაც პოლიტიკურ ბრძოლასთან არანაირი საერთო აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.