ადვოკატი: შორენა ბეგაშვილიც იმავე ძალადობაში სდებდა ბრალს დავით მუხრანელს, შესაძლოა ისიც გამოკითხონ

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე, შესაძლოა, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი გამოკითხონ. ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“შორენა ბეგაშვილთან მიმართებით, მე მაქვს მხოლოდდამხოლოდ ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში არის გავრცელებული ისევ თავად შორენა ბეგაშვილის მიერ. მისი დაკითხვა გამორიცხული არ არის. ლოგიკურია, რომ შეიძლება, საგამოძიებო ორგანოებს აინტერესებდეს იმ ადამიანისთვის ცნობილი სხვა ინფორმაციაც, რომელიც იმავე ძალადობაში სდებდა თავის დროზე ბრალს დავით მუხრანელს”, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
რამდენიმე წლის წინ, შორენა ბეგაშვილს ტელეეთერში ნათქვამი აქვს, რომ დავით ბაგრატიონს მისთვის ხელი დაურტყამს.
ცნობისთვის, 2 აპრილს ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე განხორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით, მას ფიზიკური დაზიანებები, სავარაუდოდ – ბლაგვი საგნით, ყოფილმა მეუღლემ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა. ადვოკატების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები