ივანიშვილი: ყველგან, სადაც იქნება განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, მიუხედავად პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდნენ. განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება კი 9 აპრილის იდეალების ღალატია.
,,ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას. არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.
წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული.
9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!”, – წერს ბიძინა ივანიშვილი.