ბიძინა ივანიშვილი: უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმის სისასტიკესთან გამკლავების მთავარი ძალა ქართველი ხალხის მხრიდან სამშობლოს უპირობო სიყვარული იყო.
“1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა – მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენლმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და, დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა.
ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და, ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა”, – წერს ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე.
9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები