ვარშავაში ქართული ფილმების რიგით მესამე კინოჩვენება “გამარჯობა კინო” გაიხსნა
ვარშავაში ქართული ფილმების კინოჩვენება „გამარჯობა კინო“ გაიხსნა. კინოჩვენება პოლონეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნატალია თოფჩიშვილმა გახსნა, რომელმაც საქართველოს პოპულარიზაციისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის მსგავსი კულტურული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“გამარჯობა კინოს“ პროგრამა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმების და ქართული კინოკლასიკის ცნობილი ნიმუშების ჩვენებებს მოიცავს. კინოჩევენებაზე პოლონური და ინგლისური სუბტიტრებით წარმოდგენილია შემდეგი ფილმები: „საშიში დედა“, „დედე“, „ნამე“, ‘არაჩვეულებრივი გამოფენა“, „აპრილის სუსხი“, „ჯიბის კაცი“, „გაიღიმეთ“ „შავი თუთა“, „მამაჩემის უხილავი ხელი“. გარდა ამისა, ყოველი დღის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას საშუალება აქვს მოწვეულ ექსპერტებთან ჩაერთოს დისკუსიაში, მათ შორის დაუსვას კითხვები „გამარჯობა კინოს“ სტუმრებს, რეჟისორებს“ ანა ჩუბინიძესა და თორნიკე ბზიავას.
“გამარჯობა კინო“ ვარშავაში უკვე მესამედ ტარდება, ღონისძიებაზე წელს ორჯერ მეტი ხალხი მოვიდა დასასწრებად. „გამარჯობა კინო“ ქართული კულტურის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კინოჩვენების პარალელურად, სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნება როგორც სეანსის დაწყებამდე, ასევე მის შემდეგ შეუძლიათ“, – განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ლორთქიფანიძემ.
ცნობისათვის, “გამარჯობა კინო“ ვარშავაში 7 აპრილამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორები ფონდ „Kaukaz.net” წევრები და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი არიან. „გამარჯობა კინო“ პოლონეთში საქართველოს საელჩოს, კომპანია Georgia Adventure Club, კომპანია TiM S.A., პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თბილისში პოლონური ინსტიტუტის, ეროვნული კინოცენტრის, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრის, ასევე ეთნოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება.