მეფუტკრე ფერმერები და თაფლის მწარმოებლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გაიმართა ღია კარის დღე, სადაც ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ და სპეციალისტებმა მეფუტკრე ფერმერებსა და მწარმოებლებს თაფლის კვლევებისა და ფუტკრის დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდები გააცნეს.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიის ტექნიკური შესაძლებლობებისა და თაფლის უვნებლობის იმ მაჩვენებლების შესახებ, რომელზეც ამ დროისთვის ხორციელდება თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევები – ანტიბიოტიკების, პესტიციდების, მძიმე მეტალებისა და რადიოაქტიული იზოტოპების სხვადასხვა ჯგუფის რაოდენობრივი ანალიზი; ასევე, ფუტკრის ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებებისა და მათი დიაგნოსტიკის შესახებ.
მეფუტკრე ფერმერებსა და თაფლის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, ასევე დაეთვალიერებინათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას 30-მდე მეფუტკრე ფერმერი და თაფლის მწარმოებელი ესწრებოდა.
ამჟამად ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 77 პარამეტრია შესული. პარალელურად, ტარდება თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე. კვლევების ჩამონათვალში შესულია შემდეგი პარამეტრები: ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფი, ანტიბიოტიკების ჯგუფი – ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, ნიტროიმიდაზოლები და სხვა. ამასთანავე, ლაბორატორია მომხმარებლებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ნიმუშის მიღებას. პარამეტრების კვლევა, რომლებიც ამ ეტაპზე ლაბორატორიაში არ არის დანერგილი, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთ, აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ტრანსპორტირების ორგანიზებას და ერთი საერთო ანალიზის პასუხის გაცემას კი და სოფლის მეურნეობის ლაბორატორია უზრუნველყოფს.
ლაბორატორიაში დანერგილი კვლევების ნუსხას ეტაპობრივად დაემატება კვლევის ახალი მეთოდები. ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები