სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვირეული დაიწყო, რომელიც კამპანიის – „მადლობა თავისუფლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
„9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანიდან 5 რეგიონიდან იყო. კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობასა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს იმ რეგიონების საზოგადოებრივ ცენტრებში მართავს, საიდანაც 5 დაღუპული გმირი იყო. პირველი ღონისძიება 4 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა, რადგან 9 აპრილს დაღუპულთაგან ორი – შალვა (დათო) ქვასროლიაშვილი და მამუკა ნოზაძე კახეთის რეგიონიდან იყვნენ“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ისტორიკოსმა, პროფესორმა – ოთარ ჯანელიძემ ახალგაზრდებთან, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან 9 აპრილის მოვლენებსა და საქართველოს ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო. მან 9 აპრილის მოვლენები როგორც თვითმხილველმა და აქციის მონაწილემ, ისე გაიხსენა.
„შეხვედრის ბოლოს, ნაჩვენები იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც ეძღვნება 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებსა და 21 დაღუპულს. რგოლში სიმბოლურადაა ნაჩვენები 21 მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი (1989-2019 წლები), რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას შეუწყო ხელი. თუმცა, ეს 21 თარიღი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ბევრი მნიშვნელოვანი თარიღის, რამაც მოგვაპოვებინა თავისუფლება და რის გამოც მადლობელი ვართ. კვირეულის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვა, მათი ხსოვნისა და ოჯახის წევრებისთვის პატივის მიგება, ასევე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ მოვლენებთან დაკავშირებით. შეხვედრებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და ეხმაურება 3 მნიშვნელოვან თარიღს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, პირველი ღონისძიება 4 აპრილს მიეძღვნა, როდესაც საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, ათეულ ათასობით ქართველი თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და შიმშილობა მხოლოდ ერთი მოთხოვნით დაიწყო – აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა“, – აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
მეორე ღონისძიება 8 აპრილს, გურიის რეგიონში გაიმართება, საიდანაც ასევე 9 აპრილს დაღუპულები – ნინო თოიძე და ნატო გიორგაძე იყვნენ.
ღონისძიებათა ციკლი 9 აპრილს, სამეგრელოს რეგიონში დასრულდება. ამ რეგიონიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი, აზა ადამია იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები