დასავლეთ საქართველოში სადგურების „მოიზიდე და გაანადგურე” დამონტაჟება იწყება

საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადგურების, ანუ ხაფანგების განთავსების ვადებსა და ადგილმდებარეობაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორინგის ჯგუფებთან ერთად იმსჯელა. საკოორდინაციო მართვის ცენტრში მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

„ამ ეტაპზე, მავნებელი ჯერ კიდევ არის პასიური და მოზამთრე ფაზაშია. პირველი ეტაპის შედეგებით განისაზღვრა ის სოფლები, სადაც მოხდება „მოიზიდე და გაანადგურე” ხაფანგების დამონტაჟება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მავნებლის რაოდენობისა და გავრცელების არეალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის მეორე ეტაპი მოიცავს სოფლის ტერიტორიებსა და ტყის პირებზე „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების” დამონტაჟებას”, – განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადგურების დამონტაჟება ხელს შეუწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებასა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას.

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა მონიტორინგი საკარმიდამო ტერიტორიებსა და მიტოვებულ შენობებში ჩაატარეს.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს  საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები