წეროვნის, წილკნისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა და წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს დეტალურად გაეცნო. შეხვედრას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი ესწრებოდა.
მხარის რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და სოფელ ფრეზეთის მშენებარე საბავშვო ბაღი პირადად დაათვალიერა.
„ბაღი ორ სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც სკოლამდელი განათლების მიღებას ფრეზეთისა და მიმდებარე სოფლების ბავშვები შეძლებენ. სამუშაოები იაპონიის საელჩოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე წელს, წილკნისა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობაც იგეგმება, რაც მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის რეზერვუარებს ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, დასრულდება წილკნის მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა და მოეწყობა ღია სცენა წეროვანში“, – აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.