ახალციხის მერი ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
როგორც “კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში, მესხეთისა და ხარისჭირაშვილის ქუჩებზე, რეაბილიტაცია უტარდება საცხოვრებელი სახლების სახურავებს. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული და ამორტიზებული სახურავები ახლით იცვლება. მიმდინარე წელს, ჯამურად, 32 კორპუსის სახურავის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რუსთაველის, 9 აპრილის, ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩებზე კი 12 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ფასადების, სადარბაზოებისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები უტარდება. ზაზა მელიქიძე რაბათის უბანში, ხარისჭირაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, გაეცნო აქ არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს, მათთან ერთად განიხილა მიმდინარე პროექტის დეტალები. მან ,ასევე, ზარზმელის ქუჩაზე საფეხმავლო კიბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული კიბე ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლებს მოკლე გზით დააკავშირებს ქალაქის ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩასთან. დღესვე, მუნიციპალიტეტის მერი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი შენობის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.