ჟინვალის წყალსაცავში, წყლის დონის ვარდნისა და არაგვის ამღვრევის გამო, წყალმომარაგების მიწოდება შეიზღუდა
ჟინვალის წყალსაცავში, წყლის დონის ვარდნისა და მდინარე არაგვის ამღვრევის გამო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყლის სინჯების ლაბორატორიული დასკვენების საფუძველზე, რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული წყალსაცავიდან წყალმომარაგება შეზღუდა.
„გამომდინარე აქედან, დუშეთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პარალელურად, კომპანია ატარებს დამატებით ღონისძიებებს, რათა, უახლოეს პერიოდში, წყლის მიწოდება გაუმჯობესდეს. დღეიდან, კომპანია პრობლემურ ადგილებში მოსახლეობას წყალს წყალმზიდის საშუალებითაც მიაწვდის“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
ცნობისთვის, ყოველწლიურად, გაზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე ეცემა, რის გამოც სათავე ნაგებობაზე წყლის მარაგი მცირდება და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვითარების გაუმჯობესებამდე წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკი წესდება.