,,ის, რასაც ვხედავ“ – შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
5 აპრილს, 19:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, თანამედროვე ქართველი ხელოვანის შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა – ,,ის, რასაც ვხედავ“- გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, გამოიფინება სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა ნახვა დამთვალიერებელს 5 აპრილიდან 14 აპრილამდე შეეძლება.
გამოფენის გახსნამდე, 4 აპრილს, 21 საათზე, Public(A) Talks-ის ფარგლებში, შალვა მატუაშვილი ჩაატარებს ხატვის მასტერკლასს, ასევე ისაუბრებს თანამედროვე ხელოვნებაზე და მსმენელს გაიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი მუსიკოსი – გიგი პიანომენი.
ფერმწერი და გრაფიკოსი შალვა მატუაშვილი 1958 წელს წინანდალში დაიბადა. 1975-1980 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა.
მატუაშვილი 80-იანელთა თაობას მიეკუთვნება და ამ პერიოდში ფიგურატიული ხელოვნების საზღვრებში მოღვაწე შემოქმედთა შორის მკაფიო ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ფერისა და ფორმის სიბრტყეზე გაშლითა და იმპროვიზაციული მანერით მხატვარი განსაკუთრებული სენსუალობის ნაწარმოებს ქმნის. ცნობილი პორტრეტისტის ნამუშევრებში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქალის ნიუს. მიწიერი და მისტიკური საწყისებით შექმნილი ქალის ზოგადი სახე მოკლებულია ყოველგვარ ყოფითობას და კონკრეტიკას. მხატვარი ხშირად მიმართავს ბიბლიურ, მითოლოგიურ და ისტორიულ თემებს.
შალვა მატუაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი). მნიშვნელოვანი კოლექციაა დაცული ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც მხატვარს მთელი დარბაზი ეთმობა. ასევე მატუაშვილის ნამუშევრები ინახება მიუნხენის, სტამბულის, ატლანტას, ტოკიოს, მილანის, პარიზის, მოსკოვის, ბერლინის, ნიუ-იორკის კერძო კოლექციებსა და სხვადასხვა გალერეაში.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 7