“ჯორჯიან მანგანეზის” დაფინანსებით, ზესტაფონის დღის ცენტრის აღსაზრდელები თექისა და ფერწერის კურსებს გაივლიან 

“ჯორჯიან მანგანეზის” დაფინანსებით, ზესტაფონის დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის  ჭრა-კერვის, ქარგვისა და ქსოვის შემსწავლელ კურსებს თექისა და ფერწერის კურსები დაემატა, რომელთა მასტერკლასებიც ბავშვებს პროფესიონალმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, მათ შორის – დიზაინერმა ანუკი არეშიძემ.

ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ცხოვრების მეგზურის” 15 ბენეფიციარი მოზარდი თექისა და ფერწერის 2-თვიან კურსს გაივლის. კურსისთვის საჭირო მასალა – ნაჭრები, ბისერი, აქსესუარები და სხვ. ანუკი არეშიძემ დღის ცენტრს უსასყიდლოდ გადასცა. ამასთან, ბავშვები ჭრა-კერვის კურსს დიზაინერის მონაწილეობითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან.

დღის ცენტრის დირექტორის, რუსუდან მუმლაძის თქმით, კურსი პირველ ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში აღსაზრდელების მიერ დამზადებული ნამუშევრები 1-ელ ივნისს, “ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს” გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

“დღის ცენტრში, ჩვენთან ჩამოსულები იყვნენ და ჩაატარეს მასტერკლასი თექის დამზადებასა და ქსოვაში. როგორც გვითხრეს, პირველ ივნისამდე, ამ ორ თვეში, დაახლოებით, 3-4 მასტერკლასს კიდევ ჩაატარებენ და შემდეგ უკვე ჩვენი აღსაზრდელების ნამუშევრები “ბავშვთა საერთაშორისო დღეს” გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა “კვირასთან” საუბრისას რუსუდან მუმლაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ცხოვრების მეგზური”, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მხარდაჭერით, ოც წელზე მეტია, საქმიანობს. აღსაზრდელები დღის ცენტრში სხვადასხვა ხელობასა და ხელსაქმეს სწავლობენ, რაც, შემდგომში, მათ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები