იტალიაში მაესტრო დავით მუქერიას კონცერტი გაიმართა
ქართველი დირიჟორი დავით მუქერია, როსინის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, პეზაროს როსინის თეატრში (იტალია) იტალიელი მსმენელების წინაშე წარდგა.
კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 3 უვერტიურა: „პრომეთეს ქმნილებანი“, „კორიოლანი“ და „ეგმონტი“. ამავე საღამოს მუსიკოსებმა თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, კრისტიანო ფილიპინის მუსიკა შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ კომპოზტორი თავად ესწრებოდა რეპეტიციებს და მონაწილეობდა სამუშაო პროცესში. ცოცხალი კომპოზიტორის თანამონაწილეობა აათმაგებს ხოლმე პასუხისმგებლობას და ხშირად მუსიკოსები ღელავენ მისი შეფასების მოლოდინში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როდესაც კომპოზიტორიც და შემსრულებლებიც კმაყოფილები იყვნენ შედეგით.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ორკესტრმა დიდი მოწონება გამოხატა მაესტრო დავით მუქერიას მიმართ.
დავით მუქერია ბათუმის მუსიკალური ცენტრის მთავარი დირიჟორი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორია. ჯ. კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იგი რეგულარულად მართავს კონცერტებს. შესაბამისად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც მას კარგად იცნობენ სხვადასხვა სცენიდან.
დავით მუქერიას მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს როგორც სიმფონიურ, აგრეთვე საოპერო და საბალეტო ჟანრს. მას უთანამშრომლია მსოფლიოში აღიარებულ ისეთ მუსიკოსებთან, როგორიც არის: მსტისლავ როსტროპოვიჩი, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე კორსანტია, ელისო ბოლქვაძე, იდილ ბირეთი, კალუდ კალუდოვი, ალესანდრა მარკი, ზურაბ სოტკილავა, თამარ ივერი, გია გაგნიძე, ლადო ათანელი, ნინო ანანიაშვილი, ნინო მაჩაიძე, ნინო ლეჟავა, ლიანა ისაკაძე და სხვა.
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ისეთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორიც არის: ასპენდოზას საოპერო ფესტივალი (თურქეთი), „აღდგომიდან ამაღლებამდე“ (საქართველო), „ღამის სერენადები“ (საქართველო), საოპერო ფესტივალი „ბრავო“ (საქართველო), „Saarema“ (ესტონეთი), „Festival delle citta Medievali“ (იტალია), „ბათუმის მუსიკალური ფესტივალი“ (საქართველო).
დავით მუქერია თანამშრომლობდა ისეთ წამყვან საოპერო თეატრებთან და ორკესტრებთან, როგორიც არის ტოკიოს ორკესტრი „New City“ (იაპონია), ადანას სიმფონიური ორკესტრი (თურქეთი), კატანიის ბელინის საოპერო თეატრი (იტალია), კალიარის საოპერო თეატრი (იტალია) და სხვა.
ბატონი დავითისთვის ზემოხსენებული კონცერტი როსინის თეტრთან პირველი თანამშრომლობა არ ყოფილა. 2018 წელს, მან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის გუნდთან, სოლისტებთან და როსინის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჯ. როსინის „სტაბატ მატერი“ შეასრულა, რამაც დიდი წარმატება მოუტანა მთელ დასს.
როგორც მაესტროსთან საუბრისას შევიტყვეთ, ორკესტრის მუსიკოსების და ხელმძღვანელობის დიდი სურვილია, ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს და მომავალი კონცერტები უკვე იგეგმება.
მაესტრო დავით მუქერიას წარმატებებს ვუსურვებთ როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე.