ვაკა გორგილაძე: არასამთავრობოების მიერ ინიცირებული პროცესები, ზოგჯერ, ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნის საფრთხეს
პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე გია აბაშიძის კვლევას აფასებს და მას პრეცედენტულს უწოდებს. მისი თქმით, ამ კვლევით მოხდა არასამთავრობო სექტორის ანატომიის შესწავლა.
როგორც ვაკა გორგილაძე აღნიშნავს, ხშირად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ საკუთარი ინფრასტრუქტურით, გრანტებით, რესურსით და ახდენენ ისეთი პროცესების ინიცირებას, რომლებიც, ზოგჯერ, ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნის საფრთხეს.
„ჩვენს შემთხვევაში კი არასამთავრობო სექტორი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ხშირად ეს „მოდარაჯე ძაღლი“ იქცევა, როგორც „მონადირე ძაღლი“ – ვიღაცის ხელში ინსტრუმენტად. ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ საკუთარი რესურსით, ეს არის გრანტები, ეს არის ინფრასტრუქტურა და ამ თავისი რესურსით პირდაპირ ახდენენ გარკვეული პროცესების ინიცირებას. ეს პროცესები ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნის საფრთხეს. მაგალითად, კარვების გაშლის მცდელობა, ხორავას ტრაგიკული თემის პოლიტიზება, რომელსაც, დიდწილად, არასამთავრობო სექტორი უწყობდა ხელს. ასევე, საპრეზიდენტო არჩევნები – როდესაც აპრიორი ხელისუფლებას ჰბრალდებოდა, რომ მზად არის არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის, ყალბი პირადობების საქმე, რომელიც ჯერ არავის ახსენდება, მაგრამ გვახსოვს ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები და უნდობლობის გაჩენის მცდელობები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, – განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
კვლევის შეფასებისას პოლიტანალიტიკოსმა სასამართლოსთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის შეფასებებიც გაიხსენა.
როგორც ვაკა გორგილაძე ამბობს, 2013 წელს, არასამთავრობოები მომხრეები იყვნენ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლო პოლიტიკური და მმართველი პარტიის გავლენის სფეროდან გავიდა, საზოგადოებამ დაინახა მათი მხრიდან მოსამართლეების მიმართ მძლავრი კრიტიკა და მტრის ხატის შექმნის მცდელობა.
„2013 წელს, არასამთავრობოები, პირიქით, მომხრეები იყვნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისა. შემდეგ მოხდა გარდატეხა და სასამართლო გავიდა პოლიტიკური და, მათ შორის, მმართველი პარტიის გავლენის სფეროდან. ჩვენ დავინახეთ მძლავრი კრიტიკა მოსამართლეების მისამართით, მტრის ხატის შექმნა, ესეც სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი მთელ არასამთავრობო სექტორზე, მაგრამ ისინი, ვინც აფილირებული და დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ სხვადასხვა ლიდერთან, ესეც არის აბაშიძის კვლევაში თვალსაჩინო. თვალსაჩინოა, ვინ აფუძნებდა, როდის აფუძნებდა, რა პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა, როგორ ხდებოდა მიგრაცია არასამთავრობო სექტორიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ და როგორ ბრუნდებოდნენ ისევ პარტიიდან არასამთავრობო სექტორში. ეს კვლევა ადასტურებს იმას, რაც პოლიტიკურმა წრეებმა და ექსპერტებმა კარგად იციან, რომ, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკურ ინსტრუმენტად და არასამთავრობოები ხშირად ერევიან პოლიტიკურ პროცესში და, სამწუხაროდ, ეს ჩარევა ხშირად არის დაკავშირებული დესტრუქციასთან“, – აღნიშნავს ვაკა გორგილაძე.
დღეს, ექსპერტმა გია აბაშიძემ მედიის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა, სადაც საუბარია, როგორ შეაღწია „ნაციონალური მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.