თელავში არქეოლოგიური სამუშაოები იწყება

თელავში,  არქეოლოგიური სამუშაოები  ე.წ. დაბახნებისა და „კვირიკე დიდის“ ციხის ტერიტორიაზე იწყება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, დაბახნების ტერიტორიაზე, დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების დროს, აღმოჩენილია გალავნისა და კოშკის ნაშთები. გაგნიძე მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლედ მიიჩნევს სატახტო ქალაქში, ცნობილ ოთხ ციხესთან ერთად,  აქამდე უცნობი მეხუთე ციხის ნაშთების აღმოცენას, რომელიც კავშირშია  გასულ წლებში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გამოვლენილ გვირაბსა და მის ზემოთ არსებულ გალავანთან.
მისივე ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება, ასევე, იგეგმება ძველი გალავნის „კვირიკე დიდის” ციხის ტერიტორიაზეც, კვირიკეს სასახლისა და ციხის შემადგენელი ნაგებობების ნაშთები აუცილებლად საჭიროებს გამომზეურებას და შესწავლას. კვლევით საქმიანობას მოითხოვს კვირიკეს კარის ეკლესიაც.
„თელავის დასავლეთ მონაკვეთში ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოები ემსახურება ქალაქის ისტორიის შესწავლას, უცნობი ისტორიული მონაკვეთების გარკვევასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, რაც სატახტო ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა ვახტანგ გაგნიძემ.
არქეოლოგიური სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37000 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები