თამარ კიკნაძე: არასამთავრობო სექტორის ნაწილი, პარტიული ნიშნით, „ნაცმოძრაობასთან“ ორკესტრირებულად მოქმედებს
„არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილს, რომელიც დღეს აქტიურად ჩანს მედიაში, მიუკერძოებელი არასამთავრობოების მანდილი აქვს მოსხმული. სინამდვილეში, დღეს კარგად გამოჩნდა, რომ ისინი, გარკვეული პარტიული ნიშნით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ორკესტრირებულად მოქმედებენ“, – ამის შესახებ შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა, თამარ კიკნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანალიტიკოს გია აბაშიძის კვლევა, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის შეღწევას სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით, ადრე უნდა გაკეთებულიყო იმდენად რამდენადაც, მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, ეს არ არის ცნობილი და ხშირ შემთხვევაში ის საყვედურები, რომელიც მესამე სექტორისაგან გაისმის, უსაფუძვლოა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული არასამთავრობო სექტორი ხელს უშლის კონსტრუქციულ და აღმშენებლობით პროცესებს. „ისინი არიან დესტრუქციული ძალები. ხშირად, გაიგონებთ ანტისახელისუფლებო და ანტისამთავრობო განცხადებებს, რომლებსაც, გარკვეულწილად, ქაოსი შეაქვს ხოლმე პოლიტიკურ პროცესებში იმიტომ, რომ ადამიანების ენერგია იხარჯება ისეთ განცხადებებზე რეაგირებისთვის, როდესაც შეიძლება, ეს დრო დახარჯო, მაგალითად, გაცილებით უფრო რაციონალურად და საზოგადოებისთვის უფრო მეტი გააკეთო. მე მივიჩნევ, რომ ეს არასამთავრობო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აგენტია, სოციალური გავლენის აგენტი, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ძალიან კარგად ფლობს ამ ტექნოლოგიებს, ჰყავს კიდევ სხვა გავლენის აგენტები. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება მიდის არა იმ მიმართულებით, რომელიც აღმშენებლობის, ხალხის კეთილდღეობისკენაა მიმართული, არამედ – აი, ამ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხის გასაცემად”, – აცხადებს თამარ კიკნაძე.