კახა კალაძე: გუშინ გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა
“ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა და არ გავაგრძელებ, ვინ დგას ამის უკან, ვინ მართავს ამ ყველაფერს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის მზად იყო, აქციის მონაწილეებს შეხვედროდა და ამასთან დაკავშირებით მიმართვაც გავრცელდა. ამასთან, მისი თქმით, წლების განმავლობაში, შრომის უსაფრთხოების მხრივ სერიოზულ პრობლემა იყო და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები გახორციელდა. „თბილისის მერიაც იყო ინიციატორი ცვლილებებისა, რომლებიც გასულ წელს ჩვენ დავაინიცირეთ. ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, მშენებლობაზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებასა და ასე შემდეგ. ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს. თუმცა, მერე როგორ განვითარდა მოვლენები, თავადაც დაინახეთ. როდესაც ვნახე კადრები, დავინახე, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები. ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა და არ გავაგრძელებ, ვინ დგას ამის უკან, ვინ მართავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.